2008 წლის აგვისტოს ომი, რომელსაც სხვანაირად სამხრეთ ოსეთის ომს და რუსეთ-საქართველოს ომსაც უწოდებენ, იყო მცირე მასშტაბის სამხედრო შეტაკება, რომელმაც უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა საერთაშორისო მასშტაბით. სამხედრო შეტაკებები მხარეებს შორის დაიწყო 7 აგვისტოს და დასავლეთის ჩარევის შედეგად დასრულდა 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების თანახმად (შეტაკებები ომამდეც და ომის შემდეგაც მიმდინარეობდა, თუმცა შედარებით მცირე მასშტაბებით). ხსენებულმა სამხედრო კონფლიქტმა არსებითად შეცვალა მონაწილე მხარეებისათვის გეო-პოლიტიკური მდგომარეობა. საქართველომ დაკარგა ახალი მიწები, რომლებიც რუსების მიერ იქნა ოკუპირებული (იგულისხმება კოდორის ხეობა და ახალგორის მიმდებარე რამდენიმე სოფელი), თავის მხრივ რუსეთმაც დიდი ზარალი ნახა. მოკლედ რომ ვთქვათ ეს იყო ომი, რომელმაც ყველა მონაწილე მხარეს ზიანი მიაყენა და რომელსაც გამარჯვებული არ ჰყოლია.
რუსეთ საქართველოს 5 დღიანმა ომმა დიდად შეაშფოთა საერთაშორისო საზოგადოება, რომლის აზრითაც ეს კონფლიქტი „მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას" ჰგავდა, სხვადასხვა ცალკეული პიროვნებების ვარაუდის მიუხედავად არავინ ელოდნენ მოვლენების მსგავს განვითარებას. ომის შემდეგ უკვე ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა ამ კონფლიქტზე. სხვადასხვა პოლიტოლოგები, ექსპერტები თუ ისტორიკოსები ამ ომს უძღვნიდნენ პუბლიკაციებს, სტატიებს, გამოიცა რამოდენიმე წიგნიც, გადაიღეს ბევრი ფილმი, მათ შორის აღსანიშნავია „ჰოლივუდის" მიერ გადაღებული „აგვისტოს 5 დღე", რომლის რეჟისორიც სახელოვანი ფინელი ხელოვანი რენი ჰარლინია.
ხსენებული ომის ომის მიზეზებს და შედეგებს განიხილავს ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი, გერმანიის მარშალის ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, კლინტონის პრეზიდენტობისას სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე რონალდ ასმუსი, რომელმაც საკმაოდ სქელტანიანი წიგნი დაწერა სახელწოდებით „მცირე ომი რომელმაც მსოფლიო შეძრა". წიგნი გამოიცა 2010 წლის დასაწყისში და საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
წიგნის განხილვისას უპირველესად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ასმუსი წარმოადგენს პოლიტიკოსს, რომელიც პირადად იცნობდა კონფლიქტში მონაწილე პირებს, მეგობრობდა მათთან და ფლობდა კულუარულ ინფორმაციასაც. მისი წიგნი ეყრდნობა ფაქტებს, ანალიტიკას, გამოძიების შედეგებს და ინტერვიუებს წონიან პოლიტიკოსებთან.
წიგნის შესავალში ასმუსი ზოგადად მიმოიხილავს ომის შემდგომ და წინა პერიოდს, აგრეთვე მოჰყავს რეგიონის ისტორია. ამის შემდეგ კი ის გადადის კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების დადგენაზე. ის პირდაპირ ამბობს, რომ ომის გამომწვევი მთავარი მიზეზი იყო საქართველოს სწრაფვა ნატოსაკენ, რასაც რუსეთი საფრთხედ მიიჩნევდა და რასაც ის ძალისმიერი მეთოდით წინ აღუდგა.
ავტორი განიხილავს ომის პერიოდამდე არსებულ საერთაშორისო მდგომარეობას, კერძოდ მოჰყავს 2008 წლის აპრილის ნატოს ბუქარესტის სამიტი, სადაც ასმუსის აზრით ომისთვის გადამწყვეტი მოვლენები განვითარდა. ეს იყო სამიტი, სადაც მთავარი განსახილველი თემა იყო საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღების საკითხი, კერძოდ MAP(მემბერსჰიპ აცტიონ პლან)-ის მიცემა-არმიცემა, რაც განსაზღვრავდა მათ მომავალს. სამიტზე საქართველოს და უკრაინას მაპ-ი არ მისცეს, მაგრამ დოკუმენტში ჩაწერეს, რომ ისინი აუცილებლად გახდებოდნენ ნატოს წევრი ქვეყნები. ასმუსის აზრით ამ ყველაფერმა გამოიწვია პუტინის და რუსთის აღშფოთება, რაც გამომდინარეობდა იქედან რომ, პუტინი ეწინააღმდეგებოდა ნატოს გაფართოების პოლიტიკას. ის ამბობდა, რომ რუსეთის საზღვრებთან ნატოს ჯარი საფრთხეს უქმნიდა ქვეყანას. ბუქარესტის სამიტის შემდეგ პუტინმა სოჭში მიიწვია ამერიკის პრეზიდენტი ბუში, სადაც ასმუსის აზრით ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იყო. ასმუსი ფიქრობს რომ შესაძლოა სწორედ აქ მიიღო პუტინმა მწვანე შუქი საერთაშორისო საზოგადოებისგან საქართველოში სამოქმედოდ. მისი აზრით ომის ერთ-ერთი მიზეზი იყო აგრეთვე „კოსოვოს პრეცენდენტი", როდესაც კოსოვომ, სერბეთის კონფლიქტურმა რეგიონმა 2008 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა, ის აღიარებული იქნა როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ამერიკის, ევროპის და მსოფლიოს 90 სახელმწიფოს მიერ. აღიარების წინააღმდეგი იყო რუსეთი. ასმუსი ამბობს: „დასავლეთი ისე უჭერდა მხარს კოსოვოს დამოუკიდებლობას, რომ არავითარ კოორდინირებულ მცდელობას არ ახორციელებდა ამ ნაბიჯის საქართველოს გაყინულ კონფლიქტებზე „გავლენის" თავიდან ასაცილებლად. ომის ხელშემწყობ პირობად ისიც იქცა, როგორ მოქმედებდა დასავლეთი ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე სადაც საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მიცემა-არმიცემის საკითხი იხილებოდა, ცხადია არცერთ შემთხვევაში, არც ევროპას და არც აშშ-ს, შეგნებულად საქართველოსათვის კვანტის დადების სურვილი არ ამოძრავებდათ: უბრალოდ მათი შეცდომა ის იყო, რომ სათანადოდ ვერ შეაფასეს და მზად ვერ ღმოჩნდნენ გაეთვალისწინებინათ, სათავისოდ როგორ გამოიყენებდა მოსკოვი ამ ვითარებას". კოსოვოს პრეცენდენტის სათავისოდ გამოყენება უნდოდა მოსკოვს, რომელმაც გადაწყვიტა საქართველოს „დასასჯელად" (რომელმაც აღიარა კოსოვო, როგორც სუვერენული სახელმწიფო) გამოეყენებინა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. ავტორი დასძენს, რომ კოსოვოსა და აღნიშნულ რეგიონებს შორის განსხვავება უფრო მეტია ვიდრე მსგავსება: „კოსოვოში მოსახლეობის 90 %-ს ეთნიკურად კოსოვარები შეადგენდნენ, აფხაზეთში კი რუსეთის ძალისხმევით ეთნიკური წმენდის განხორციელებამდე 3-ჯერ მეტი ქართველი ცხოვრობდა ვიდრე აფხაზი. მე-2 განსხვავება კი ის არის რომ კოსოვოში მილოშევიჩმა ეთნიკურად კოსოვარების წმენდა მოაწყო, რასაც ადგილი ქართულ რეგიონებში არ ქონია, პირიქით აქ ეთნიკური წმენდა ქართველებს მოუწყვეს".
ასმუსი ამბობს რომ: „ საქართველოსთვის ყველაზე არასასურველი შედეგი კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება იქნებოდა ბელგრადის თანხმობის გარეშე, რაც მოსკოვს სხვაგან თვითნებურად მოქმედების წინაპირობას შეუქმნიდა". სწორედ ეს უთხრა პუტინმა სააკაშვილს ერთერთი შეხვედრისას რომ კოსოვოს შემდეგ დასავლეთს უპასუხოდ ვერ დატოვებდნენ, პასუხის ნაწილად კი ის საქართველოს მოიაზრებდა. დასკვნის სახით ასმუსი ამბობს რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება დასავლეტის ის პირველი ნაბიჯი აღმოჩნდა რომელმაც რუსეთის მხრიდან საქართველოს მიზანში ამოღება განაპირობა.
უკვე ბუქარესტის სამიტის შემდეგ კი რუსეთის ახალმა პრეზიდენტმა მედვედევმა პირდაპირ განაცხადა, რომ ნატოს გადაწყვეტილების საპასუხოდ რუსეთი ქმედით დახმარებას გაუწევდა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს. დიპლომატიურ შეხლა-შემოხლას თან მოყვა დაძაბულობა კონფლიქტის რეგიონებში, ჯერ აფხაზეთში შემდეგ უკვე სამხრეთ ოსეთში, პროვოკაციები ოსებისა და რუსების მხრიდან. ასმუსის აზრით საქართველომ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და ჩაერთო სამხედრო კონფლიქტში, საიდანაც გამარჯვებული ვერ გამოვიდოდა.
დასკვნის სახით ასმუსია ამბობს, რომ ომის მიზეზი საქართველოს თავისუფლებისკენ სწრაფვა იყო, რომელმაც მოინდომა რუსეთთან კვაზიკოლონიალური ურთიერთობის შეწყვეტა და დასავლეთისკენ ინტეგრაციის მცდელობა. „კონფლიქტი ამ ზღვარამდე იმიტომ მივიდა რომ სააკაშვილმა საკუთარი ყვეყანა შემოაბრუნა და იმგვარ სახეცვლილებამდე მიიყვანა, რომ ნატოში გაწევრიანება სავსებით რელური გახდა". ის ამბობს, რომ საქართველო უბრალოდ სამიზნე იყო თორემ „პოლიტიკური შოლტი" დასავლეთის მიმართ იყო მოქნეული, რუსეთი არ აპირებდა ნატოს გაფართოვებას შეგუებოდა თავის საზღვრებთან. ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ დასავლეთი თავის მისიებს გააძლიერებს საქართველოში, თავის მხრივ კი რუსეთი ეცდება ევროპისკენ ინტეგრირებას.
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.