ინფლაცია, როგორც ეკონომიკური მოვლენა ხანგრძლივი პერიოდია არსებობს. ითვლება, რომ მისი აღმოცენება ნაწილობრივ კავშირშია ფულის წარმოშობასთან, რომლის ფუნქციონირებაში განუწყვეტლივ მონაწილეობს.
ტერმინი "ინფლაცია" პირველად გამოყენებულ იქნა ჩრდილოეთ ამერიკაში სამოქალაქო ომის პერიოდში 1861-1865 წლებში და ნიშნავდა ფულადი მიმოქცევის პროცესის გაბერვას. XIX საუკუნეში ეს ტერმინი გამოიყენებოდა ასევე ინგლისსა და საფრანგეთში. თუმცა ეკონომიკურ ლიტერატურაში ინფლაციის გაგებამ დიდი გავრცელება XX საუკუნეში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მიიღო. საბჭოთა ეკონომიკურ ლიტერატურაში ეს ტერმინი მხოლოდ 20-იან წლებში გამოჩნდა.
ინფლაცია - ეს არის ფულის გაუფასურება, მისი მსყიდველთუნარიანობის დაქვეითება, დისბალანსი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. პირდაპირ თარგმანში ტერმინი " ინფლაცია " ნიშნავს " გაბერვას " ე.ი მიმოქცევის არხების გადატვირთვას მოჭარბებული ქაღალდის ფულით, რომელიც არაა უზრუნველყოფილი შესაბამისი საქონლის მასის ზრდის ნორმით.
ინფლაციის ბევრად ლაკონური განმარტებაა - ფასების საერთო დონის ზრდა, უფრო ზოგადი - მიმოქცევის არხების ფულადი მასით გადატვირთვა საქონელთბრუნვის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც იწვევს ფულადი ერთეულის გაუფასურებას და შესაბამისად საქონელზე ფასის ზრდას. ინფლაცია - არის წმინდა სოციალურ-ეკონომიკური მოვლენა, რომელიც იბადება საბაზრო მეურნეობის სხვადასხვა სფეროში წარმოების დისპროპორციით. ინფლაცია თანამედროვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების ყველაზე მწვავე პრობლემაა.
თავდაპირველად ინფლაცია, როგორც წესი, ჩნდებოდა საგანგებო შემთხვევებში. მაგალითად, სახელმწიფოთა შორის ომის პერიოდში. ქვეყნები ხშირად დიდი რაოდენობით ქაღალდის ფულს უშვებდნენ, რათა საომარი ხარჯები დაეფარათ. ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ინფლაცია მრავალი ქვეყნის ეკონომიკის ქრონიკულ დაავადებად იქცა.
არსებობს ინფლაციის სხვადასხვა ტიპები, ფასების ზრდის ტემპების მიხედვით განასხვავებენ:
- მცოვავი ინფლაცია, რომლისთვისაც დამახასიათებელია შედარებით ფასების ზრდის დაბალი ტემპი, დაახლოებით 10 % ან ცოტა მეტი წელიწადში. ასეთი ტიპის ინფლაცია დამახასიათებელია განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების უმეტესობისათვის და არ წარმოადგენს რაიმე უჩვეულოს.
- გალოპირებული ინფლაცია - ფასების ზრდის 20-200 %-ით.
- ჰიპერინფლაცია, რომლის დროსაც ფასები ასტრონომიულად იზრდება, კატასტროფულად განსხვავდება ფასები და ხელფასები, საზოგადოების ყველაზე უზრუნველყოფილი ფენების კეთილდღეობა ინგრევა, მსხვილი კომპანიები მოგების გარეშე რჩებიან და წამგებიანი ხდება მათი საქმიანობა. წარმატებული ბიზნესის ქონა ჰიპერინფლაციის პირობებში პრაქტიკულად წარმოუდგენელია. საუბარი შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ გადარჩენის სტრატეგიას, რომლის რეცეპტიც ასეთია : წარმოების გამარტივება, შიდა კავშირების შემცირება, ფირმის შიდა ელემენტების ბაზის ნატურალიზაცია და ა.შ. ყველაზე ხშირად კომპანიებს უწევთ საკუთარი სათბურების, ფერმების შექმნა, რასაც აქცენტი გადააქვს ბარტერულ გაცვლაზე.
ფასების ბალანსირებული ზრდის დონის მიხედვით განასხვავებენ:
- ბალანსირებულ ინფლაციას, რომლის დროსაც სხვადასხვა საქონელთა ფასები უცვლელია ერთმანეთთან მიმართებაში.
- არაბალანსირებულ ინფლაციას, რომლის დროსაც სხვადასხვა საქონელთა ფასები ერთმანეთთან მიმართებაში განსხვავებული პროპორციით განუწყვეტლივ იცვლება.
მოლოდინის რეჟიმიდან გამომდინარე გამოყოფენ ასევე:
- მოსალოდნელ ინფლაციას, რომელიც შეიძლება წინასწარ განსაზღვრო, დააპროგნოზო დროის გარკვეულ პერიოდში, იგი წარმოადგენს მთავრობის მოქმედების პირდაპირ რეზულტატს.
- მოულოდნელი ინფლაციისათვის დამახასიათებელია ფასების სწრაფი, უეცარი აწევა, რაც უარყოფითად მოქმედებს გადასახადებსა და ფულის მიმოქცევაზე.
თუ არსებობს მოსახლეობაში ინფლაციის მოლოდინი, მაშინ ასეთი სიტუაცია იწვევს მოთხოვნის გაზრდას, რაც თავის მხრივ ეკონომიკაში სირთულეებს წარმოშობს და საზოგადოების მოთხოვნის რეალურ სურათს ცვლის. მთავრობა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რაც ამყარებს ინფლაციის მოლოდინს, ამას კი მოჰყვება ფასების ზრდა. თუმცა იმ შემთხვევაში , როცა ეკონომიკაში ფასების უეცარი ზრდა ხდება, რომელიც არც კი მოიაზრებოდა ანუ არ იყო ინფლაციის მოლოდინი, ჩნდება ე.წ "ფიგუს ეფექტი" ე.ი მოსახლეობაში მოთხოვნის სწრაფი ვარდნა ხდება იმ იმედით, რომ ფასები შემცირდება. შედეგად მოთხოვნის შემცირება მწარმოებელს აიძულებს ფასების შემცირებას, რითაც ყველაფერი წონასწორობაში დგება.
ინფლაციის გამომწვევი მიზეზებია:
- დისპროპორციულობა - სახელმწიფო შემოსავლებისა და ხარჯების არაბალანსირებულობა ე.ი სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ხშირ შემთხვევაში იფარება "მბეჭდავი დაზგის" გამოყენებით, რაც საბოლოოდ ფასების დონის ზრდას იწვევს ანუ ინფლაციასთან მივყავართ.
- ინფლაციურ-სახიფათო ინვესტიციები - ძირითადად ეკონომიკის მილიტარიზაციას გულისხმობს.
- თავისუფალი ბაზრისა და კონკურენციის არარსებობა - თანამედროვე ბაზარი გარკვეულ დონეზე ოლიგოპოლიზირებულია. ოლიგოპოლისტი ისწრაფვის რა შეინარჩუნოს ფასების მაღალი დონე დაინტერესებულია დეფიციტის შექმნით. (წარმოების შემცირებით და საქონლის შეთავაზებით).
- იმპორტირებული ინფლაცია - მისი როლი ეკონომიკის ღიაობის ზრდასთან ერთად იზრდება, სახელმწიფოს ბრძოლის შესაძლებლობები გარკვეულწილად შეზღუდულია.
- ინფლაციური მოლოდინი - ამის მაგალითები ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეინიშნება.
დასავლეთელი ეკონომისტები გამოყოფენ კონცეფციებს: ინფლაციის მოთხოვნა და ხარჯები.
- ინფლაციის მოთხოვნა - ეს არის წონასწორობის დარღვევა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, მოთხოვნის მხრიდან, რომლის ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს სახელმწიფო შეღავათების გაზრდა და ა.შ. შედეგად კი მიიღება ფასების ზრდა.
- ინფლაციის ხარჯები - ფასების დონის ზრდის შედეგად წარმოების ხარჯების ზრდა, რომლის მიზეზი შეიძლება იყოს სახელმწიფოს ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკა და ა.შ.
ზოგადად, ეკონომისტები 4 ტიპის ინფლაციას გამოყოფენ:
1. მოთხოვნით გამოწვეული ინფლაცია, როდესაც მთლიანი მოთხოვნა ეკონომიკაში აჭარბებს არსებულ მიწოდებას ანუ სხვაგვარად ეს არის ე.წ. მონეტარული ინფლაცია.
2. ხარჯებით გამოწვეული ინფლაცია, როდესაც მზა პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასები იმატებს ნედლ მასალებზე ფასების ზრდის გამო ან როდესაც ხელფასების მატება წარმოებული პროდუქციის ერთეულ ფასს ზრდის.
3. ფასწარმოქმნით გამოწვეული ინფლაცია ანუ დაწესებული ფასის ინფლაცია, როდესაც რამდენიმე ბიზნესი გადაწყვეტს, მოუმატოს ფასებს საკუთარი მოგების გაზრდის მიზნით ანუ სხვაგვარად თუ ვიტყვით, ოლიგოპოლიური ინფლაცია. ოლიგოპოლიებს შეუძლიათ დააწესონ საკუთარი ფასები და გაზარდონ ეს ფასები, როდესაც მოესურვებათ _ ე.წ. კარტელური გარიგებებით.
4. სექტორული ინფლაცია, როდესაც ერთ დარგში ფასების ზრდა სხვა სექტორში ზრდის ფასებს, მაგალითად, ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა საკვებისა და სხვა სექტორებში ფასების ზრდას იწვევს. ინფლაციის ამ ტიპების გარდა, იმ ქვეყნებში, რომლებიც იმპორტზე დამოკიდებულები არიან, იმპორტირებული ინფლაცია არსებობს (მოწოდების შოკები), რომელიც სხვა მიზეზთა შორის ერთ-ერთი გავრცელებული ფაქტორია, რომელიც ინფლაციის დონის ზრდას იწვევს.
პრაქტიკაში ძნელია ინფლაციის ერთი ტიპი მეორისგან განვასხვავოთ, ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ არიან კავშირში.
ინფლაციის შედეგებია:
- შემოსავლისა და სიმდიდრის გადანაწილება
- ეკონომიკური ინფორმაციის არასტაბილურობა
- რეალური პროცენტის დაცემა და ა.შ.
ინფლაციასთან დაკავშირებული ტერმინებია :
- დისინფლაცია - ინფლაციის დონის შემცირება, ან ეფექტი, რომელიც ამცირებს ინფლაციურ ზეწოლას.
- დეფლაცია - ფასთა საერთო დონის ვარდნა.
- რეფლაცია - დეფლაციის რევერსისთვის სტიმულის გამოყენება.
- ჰიპერინფლაცია - სწრაფი ინფლაცია წონასწორობისკენ ტენდენციის გარეშე.
ინფლაცია არის იმ საქონლისა და მომსახურების საშუალო ფასის დონის ზრდა, რომელიც იწარმოება და იყიდება ეკონომიკაში. ინფლაცია, თავისი უარყოფითი შედეგების გამო, საზოგადოებაში უარყოფით ემოციებს იწვევს. მაღალ ინფლაციასთან დაკავშირებული უარყოფითი ასპექტებია:
- ხარჯების ზრდა, რაც ძლიერ დარტყმას აყენებს მთლიანად საზოგადოებას და განსაკუთრებით, დაბალშემოსავლიან ოჯახებს
- ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობის კლება
- ეროვნული ვალუტის გაუფასურება უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში
- რეალური მოგების კლება ბიზნესში
- ინვესტიციებზე ამონაგების შემცირება
- საპროცენტო განაკვეთების მატება, რაც კრედიტებს აძვირებს და ა.შ.
ამავე დროს, თუ ინფლაციის დონე ქვეყანაში მაღალია, ვიდრე მის სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, პროდუქტების კონკურენტულობა ეცემა, რაც აფერხებს ეკონომიკის ზრდას.
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.