თუ არ წაგიკითხავთ, ალბათ გსმენიათ მაინც ცნობილი თურქი მწერლის, პირველი თურქი ნობელიანტის, ორჰან ფამუქის შესახებ.
თანამედროვე მწერლებს შორის ფამუქი ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი უიშვიათესია, რომლის წიგნები მსგავსი სიხშირით ითარგმნება ქართულად. ის უზომოდ პოპულარულია თურქეთსა და მთლიანად მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც.
მე კი, შევეცდები, უკეთ გაგაცნოთ თურქული ბესთსელერების ავტორი:
ფერით ორჰან ფამუქი დაიბადა თურქეთის ქალაქ სტამბოლში 1952 წლის 7 ივნისს. ფამუქი შეძლებულ ოჯახში იზრდებოდა, სტამბოლის პრესტიჟულ უბან ნიშანთაშიში. დაამთავრა სტამბოლის ამერიკული სასწავლებელი „რობერტ კოლეჯი". უყვარდა ხატვა და ოჯახის ზეგავლენით სწავლა გააგრძელა სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე, თუმცა ეს მის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა; ამიტომაც, 3 წლის შემდეგ უნივერსიტეტი მიატოვა და წერა დაიწყო. 25 წლის ასაკში ორჰანმა დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ჰყავდა მეუღლე ეილინ ტურგენი, რომელსაც 2001 წელს დაშორდა და ერთი ქალიშვილი რუია. ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ მოიპოვება თავისსავე დაწერილ ავტობიოგრაფიულ რომანში „სტამბოლი: მოგონებები და ქალაქი".
2006 წელს ორჰან ფამუქი დაჯილდოვდა ნობელის პრემიით ლიტერატურის დარგში, აღსანიშნავია რომ, ის პირველი თურქეთის მოქალაქეა, რომელსაც ეს პრიზი მიანიჭეს. ამასთანავე, ფამუქს მინიჭებული აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ჯილდოები: მათ შორის ამერიკის, სადაც ის დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„აღმოსავლეთით ახალი მზე ამოსულა - ორჰან ფამუქი" ასე მოიხსენიებს მას ამერიკული პრესა. ის ასწავლიდა ამერიკის სხვადასხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, მათ შორის კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც 2006 წლიდან დღემდე მოღვაწეობს.
ორჰან ფამუქის ქართულად ნათარგმნი წიგნები: „ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები" (1982), „მდუმარე სახლი" (1980-83), „თეთრი ციხესიმაგრე" (1985), „ფარული სახე" (1992) „მე წითელი მქვია" (1995) „სტამბოლი : მოგონებები და ქალაქი" (2003), „უმანკოების მუზეუმი" (2008), „თოვლი" (2008).
პავლე ჯაგუნავა
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.