ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიაჰერბერტ ნ. კესონი: ბიზნესის წარმატების წესი N3 - აუცილებელია თანამედროვე მოწყობილობა

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ჰერბერტ ნ. კესონი: ბიზნესის წარმატების წესი N3 - აუცილებელია თანამედროვე მოწყობილობა
 | რეიტინგი 3 

 

 

 

თუ არ გამოვიყენეთ თანამედროვე მოწყობილობა, მოძველებული ტექნიკა ბიზნესს დაამუხრუჭებს.

თანამედროვე მოწყობილობის საკითხი იმდენად მნიშვნელოვნაი, რომ ამ წიგნში მისი გამოტოვება ყოვლად დაუშვებელია. ამასთანავე ეს საკითხი ისე ცნობილია ყველასათვის, რომ ყურადღების განსაკუთრებულ გამახვილებას არც ითხოვს. ოღონდ ესაა, რომ ჩვენ დაბეჯითებით უნდა მოვუწოდოთ ადამიანებს, რათა სიახლეები აქტიურად დანერგონ.

რა თქმა უნდა, როცა ადამიანი საქმეს შეზღუდული კაპიტალით იწყებს, იძულებულია კუსტარული და მოძველებული მოწყობილობა გამოიყენოს. დასაწყისში იგი აკეთებს იმას, რისი გაკეთების საშუალებაც აქვს. ამიტომ მის მუშებს ბევრი ისეთი სამუშაოს შესრულება, რაც მანქანებს უნდა გაეკეთებინა, ხელით უხდებათ. მაგრამ როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა, უსათუოდ ისეთი მოწყობილობა უნდა იყიდოს, რომელიც აშკარად მოგებას მოუტანს. ოღონდ, უნდა შეიძინოს სწორედ ისეთი, რომელიც შეამცირებს დანახარჯებს და გაზრდის გასაღებას.

ახალი, თანამედროვე ტექნიკის შეძენა _ ეს ისეთი საქმეა, რომლის გადადებაც ბიზნესს დააზარალებს. ბევრგან ამას, არც თუ ისე ხშირად უყურებენ, როგორც გადაუდებელ ამოცანას. თვით მსხვილი ფირმებიც კი, რომელთაც სათანადო რეზერვები გააჩნიათ, ფულს ბანკებში ტოვებენ ნაცვლად იმისა, რომ იყიდონ მოწყობილობა, რომელიც მათ მოგებას 30%-ით გაზრდიდა.

აურაცხელი ფირმის განვითარებას სწორედ მოძველებული ტექნიკა ამუხრუჭებს. ორმოციანი წლების დასაწყისში შეერთებული შტატების მოწყობილობათა დაახლოებით 40% ათ წელზე უფრო მეტი ხნის იყო. სწორედ ამის გამო ვერ ვითარდებოდა იგი და ამიტომაც იყო ზარალიანი. თვით ლონდონის ზოგიერთ უნივერმაღშიც კი შეიძლება ნახოთ ძველი ვიტრინები, რომლებიც ნამდვილ სამუზეუმო ექსპონატებს წარმოადგენენ და რომელთა ასაკიც არავის ახსოვს.

ერთხელ, პირველმა ლორდმა ლევერპალმა მომითხრო ერთი ძველთაძველი ძრავის ისტორია, რომელიც მის მიერ ნაყიდ ფაბრიკაში იპოვა. ეს იყო გემის ძრავი, რომელმაც დიდხანს იმუშავა და მერე ჩამოწერეს, ამიტომაც, ფაბრიკის ძველმა მეპატრონემ იგი დაბალ ფასებში შეიძინა. `როცა ამ ძრავის გამოყენება დააპირეს, ვერაფრით ვერ აამუშავეს, _ თქვა ლორდმა ლევერჰალმა, _ ანდა როგორ უნდა აემუშავებინათ, მან ხომ თავისი დრო მოჭამა და მეტი ვეღარ შეძლო". აქედან დასკვნა: გახვრეტილი გროშიც კი არ უნდა მისცე იმაში, რასაც ვერ გამოიყენებ.

როგორც წესი, წარმოებათა უმეტესობას, მეტად მცირე საამორტიზაციო ფონდი აქვთ, ამიტომ იშვიათად თუ ჩამოწერენ ხოლმე მოძველებულ მოწყობილობას საჭირო რაოდენობით. მხოლოდ თითო-ოროლა, პროგრესული ფირმა თუ აკეთებს საამორტიზაციო დარიცხვებს, მთელი მოწყობილობის მესამედის ჩამოსაწერად. ძალზე ცოტა კომპანიები თუ ცვლიან დროულად თავიანთ კომპიუტერულ ტექნიკას ახალი ტექნიკით, ახალი მანქანებით. თუმცა ავტომობილების ამგვარი გამოცვლა, მეტნაკლებად მიღებული და გავრცელებულია. ასე მაგალითად, ლონდონის თითოუელ ავტობუსს ყოველწლიურად სრული რეკონსტრუქცია და თითქმის სრული ტექნიკური გადაწყობა უტარდება.

საქმე იმაშია, რომ მწარმოებლურმა მანქანამ უნდა შეასრულოს გარკვეული მოცულობის სამუშაო და რაც უფრო სწრაფად აკეთებს ამას, მით უკეთესია. ეს ჭეშმარიტებაა, მაგრამ ამას ძალზე გვიან-გვიან ხვდება მრეწველთა დიდი ნაწილი, რასაც მოსდევს ჩავარდნა და წუნი მუშაობაში. ბრძენთა-ბრძენი `ფოლადის მეფე" ენდრიუ კარნეგი, რომელსაც ესოდენ ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვის წარმოების სრულყოფის საქმეში, ფირმის ყოველწლიურ შეკრებაზე კითხულობდა: `რომელი მოძველებული მოწყობილობა გავუშვათ ჯართში?"

მაშინაც კი, როცა ესა თუ ის მანქანა, ჯერ კიდევ სრულად არ არის გაცვეთილი, შეიძლება შევქმნათ უკეთესი მანქანა, იმავე სამუშაოს შესასრულებლად, თუმცა შემდეგ ისიც ძველდება. ასე რომ ახალი მანქანების გამოგონებასა და ძველის სრულყოფას არა აქვს დასასრული. არცერთი მოწყობილობა, არასდროს არ უნდა ჩათვალო ისე, როგორც რაიმე საბოლოოდ დასრულებული.

მოწყობილობის განახლებაზე დახარჯული ფული გაცილებით მეტ მოგებას მოგიტანს, ვიდრე ხელფასებად გაცემული. როგორც ცნობილია, ბევრი დაქირავებული მუშის საქმიანობას, სერთოდ არ მოაქვს არავითარი მოგება. ხშირად იტყვიან, რომ თანამედროვე მოწყობილობა არაფერიც არ გვიჯდება, ისე სწრაფად ვიბრუნებთ დანახარჯს, რის შემდეგაც იწყება მოგების ზრდაო. ეჭვიც არ შეგეპაროთ, ამ ნათქვამის სიმართლეში.

ავტორიტეტულმა ჟურნალმა `ინლენდ პრინტერმა" ამ საკითხზე გამოკითხვა ჩაატარა და მან საამისოდ სპეციალისტებიც მოიზიდა. ისინი ოცდაოთხ, არც თუ ისე დიდ პოლიგრაფიულ საწარმოს ეწვივნენ, რომლებმაც ახალი მოწყობილობანი, ჯერ კიდევ 1939 წელს დააყენეს. მიზანი შედეგების ანალიზი გახლდათ. როგორც გაირკვა, ამ საწარმოებს ახალ მანქანებზე საშუალოდ 1700 ფუნტი ჰქონდათ დახარჯული და უკვე პირველსავე წელს 2000 ფუნტი მოგების ნამატი მიიღეს. ახალმა საბეჭდმა მანქანამ, ერთ წელიწადში ამოიგო თავისი თავი და საგრძნობი მოგებაც მოიტანა. აბსოლუტურად მართებული იქნება თუ ვიტვით, რომ ახალი თანამედროვე დანადგარი, იმდენად უსწრებს წინ თავის წინამორბედს, რომ არაფერიც არ ღირს.

მოძველებული და გაცვეთილი ტექნიკით შრომა _ ეს წარმოებისათვის ეკონომია კი არა, უბრალოდ ზედმეტი ხარჯები და დანაკარგებია. გასაგებია, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ხდება იძულებით. რას იზამთ, ნათქვამია: თავს ზევით ძალა არააო, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა ბიზნესის არაეფექტური მართვა.

ხოლო რაც შეეხება სისწრაფესა და მწარმოებლურობას, აქ განსხვავება ხელითა და მანქანით შრომას შორის აშკარა და ფანტასტიკურია. ადამიანი სუსტი და ზანტი, ზოზინა არსებაა, მაგრამ მას აქვს გონება და ჩვენმა თანამედროვეებმა გამოიგონეს ისეთი სწრაფი და ზემძლავრი მანქანები, რომელზედაც ძველ დროში ოცნებაც კი შეუძლებელი იყო.

გიგანტური ეგვიპტური პირამიდები, რომელიც ოთხმოცი მილიონი კუბური მეტრი ქვითაა ნაგები, ათეული წლობით იქმნებოდა, მონების მრავალრიცხოვანი არმიის იძულებითი შრომით. ეს იყო ხელით შრომა. ეჭვი არ არის, ინგლისელი მოიჯარადრე ასეთ პირამიდას, თანამედროვე მოწყობილობების დახმარებით, ნახევარ წელიწადში ააგებს.

დადგენილია, რომ მანქანები, რომლებიც გამოანთავისუფლებენ მუშახელს, სრულიადაც არ უწყობენ ხელს უმუშევრობას. პირიქით, ახალი მანქანები თითოეული სამუშაო ადგილის სანაცვლოდ, ათ ახალ სამუშაო ადგილს ქმნიან. მერწმუნეთ, ამ მონაცემებში არავითარი გაზვიადება არ არის. მანამდე სანამ ინგლისურ საფეიქრო მრეწველობაში ტექნიკური მოწყობილობა დაინერგებოდა, იქ 30 000 მუშა იყო დასაქმებული, დღეს მათი რიცხვი 300 000 შეადგენს.

ახალმა მოწყობილობებმა თავის მხრივ წარმოების მრავალი ახალი დარგი შვა. ნახეთ რა მოგვცა, ჭკვიანი ადამიანების მიერ შექმნილმა, ხელოვნური ბოჭკოსაგან ქსოვილის დამამზადებელმა, შესანიშნავმა მანქანებმა?! მათ სამუშაო მისცეს მილიონზე მეტ ადამიანს. მათ შექმნეს სამუშაო ტყისმჭრელებისათვის, მეზღვაურებისა და რკინიგზელებისათვის, მანქანა-დანადგართა ოპერატორებისათვის, კომერციული აგენტებისა თუ მაღაზიის გამყიდველებისათვის, სარეკლამო აგენტებისა და სხვადასხვა მუშა-მოსამსახურეებისათვის. მათ მრავალ დირექტორსა და ბანკირსაც გაუჩინეს დამატებითი სამუშაო. ერთი სიტყვით, ახალმა მანქანებმა გიგანტური სამოღვაწეო ასპარეზი შექმნეს.

ჯერ საფაბრიკო მანქანები გაჩნდა, რამოდენიმე თაობის შემდეგ დადგა კანტორის აღჭურვილობის დროც. ახლა კი, გადასარევი კომპიუტერული ტექნიკის ეპოქა მოვიდა და ადამიანს, ზოგჯერ ზღაპარში გეგონება თავი.

ასევე მოხდა სავაჭრო მოწყობილობის არნახული განვითარება. თანამედროვე მაღაზიებში დღეს გამოიყენება ყველაფერი, რასაც მყიდველის ყურადღების მიპყრობა შეუძლია და რაც მის გუნება-განწყობაზე დადებითად იმოქმედებს. ამასთანავე ყველაფერი კეთდება მომსახურე პერსონალის შრომის ნაყოფიერების გასაზრდელად.

შეიძლება ითქვას, რომ მენეჯმენტის სრულყოფა საქმის სწრაფი, რიტმული და უნაკლო წარმოებითაა შესაძლებელი, რომლის დროსაც გამოირიცხება ყოველგვარი ქაოსი და გარეშე ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედება. ასეთი სრულყოფილი მენეჯმენტის მოდელს წამროადგენს საათივით მომუშავე ბიზნესი, რომელსაც ადამიანები ამოძრავებენ და რომლებიც ერთიანი მექანიზმის შემადგენელი ნაწილებივით მოქმედებენ. იდეალურად დაყენებული ბიზნესი ისე თანაბრად და რიტმულად მუშაობს, გარეშე თვალი ვერც კი ამჩნევს, თუ როგორ სრულდება სამუშაო.

როდესაც, პირველად აღმოვჩნდი თვითმფრინავში, ყველაზე უფრო იმან შემძრა, რომ სრულიად არ იგრძნობოდა სიჩქარე. მე ტყვიასავით მივქროდი, ამ დროს კი, ჰოი, საოცრებავ, მეჩვენებოდა თითქოს თვითმფრინავი უძრავად ეკიდა სივრცეში.

ყმაწვილკაცობაში, ცხენი პირველად რომ გავაჭენე, სრულიად სხვაგვარი განცდა მქონდა. სიჩქარე ალბათ, საათში 15 მილი იქნებოდა, მაგრამ მე ცხადად ვგრძნობდი სიჩქარეს. ცხენის დაძაბულობა და ფლოქვების თქარა-თქური მიქმნიდნენ შთაბეჭდილებას, თითქოს მე გასაოცარი სიჩქარით მივქროდი. ბიზნესშიც ასეა, ზოგი საქმე თვითმფრინავით ფრენას ჰგავს, ზოგიც გაჭენებული ცხენით ქროლვას _ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმართება ბიზნესი.

ერთხელ, მე იორკშირის ორ საწარმოს ვეწვიე. ერთი მათგანი ლიდსის მახლობლად მდებარე პარკინსონის ფაბრიკა გახლდათ. ეს იყო სუფთა და გამოფენასავით მოვლილი საწარმო. არც ნაგავი, არავითარი ხმაური, ფორიაქი, მხოლოდ მანქანა-დანადგარების რიტმული გუგუნი. არ იგრძნობოდა დაძაბული მუშაობის არავითარი ნიშანწყალი. ამ დროს, როგორც მითხრეს, აქ მთელი ელექტროძრავის აწყობას, სულ რაღაც ორ საათს უნდებოდნენ. ეს ფაბრიკა მე თვითმფრინავს შევადარე.

იმავე დღეს ვიყავი მეორე საწარმოშიც. იქ მეფობდა საშინელი დაძაბულობა. შენობა გამოვსებული იყო საწარმოო ნარჩენებით და ყოველ კუთხეში ჩამონაქცევი ეყარა გორებად. ჩემს გვერდით სახეაჭარხლებულმა კაცმა ჩაიქროლა. `ეს მენეჯერია", _ წამჩურჩულა გადაღლილმა ოსტატმა. სამგზის გავიგონე შეკითხვა, რომელსაც ფაბრიკაში არ უნდა იძლეოდნენ: `ეს სად მოვნახო?" ზოგი მუშა გამალებულად საქმიანობდა, ზოგი კი ამ დროს, ცალკე შენობაში უდარდელად აბოლებდა. ეს ფაბრიკა მე გაჭენებულ ცხენს შევადარე.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ბიზნესში სისწრაფე ცოდნისა და თანამედროვე მოწყობილობათა ერთიანობისაგან შედგება. მრეწველობაში, ვაჭრობაში, საკანტორო სამუშაოსა და ნებისმიერ სხვა საქმიანობაში, აღჭურვილობა წარმოადგენს ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს, რომელიც განსაზღვრავს დანახარჯსაც და შედეგსაც. ის ვინც, გაუთავებლად აჭიანურებს ახალი მოწყობილობის შეძენის საკითხს, თავის ბიზნესს გარდაუვალი ჩამორჩენისათვის იმეტებს.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge