ალბათ ყველას წაგვიკითხავს პოზიტიური გამონათქვამები, მოტივაციური და ემოციური ამბები წარმატებული ბიზნესის და ბიზნესმენების შესახებ, გვინახავს არაერთი ფილმი თუ ვიდეო ჩანაწერი. მოსასმენად, სანახავად, წასაკითხად ძალიან საინტერესოა და სასიამოვნო როცა ეცნობი როგორ დაიწყო, მაგალითისთვის, რომელიმე კონკრეტულმა მეწარმემ ბიზნესი ნასესხები რამდენიმე დოლარით და დღეს ძალიან დიდი კომპანიის მფლობელია. ამბების ნაწილი დამაჯერებელია, ნაწილი ნაკლებად დამაჯერებელი თუმცა უნდა შევთანხმდეთ, რომ ადამიანებს სიამოვნებას ანიჭებს მსგავსი ამბების მოსმენა და მათ მოტივაციაზეც ახდენს გარკვეულ გავლენას. თუმცა ცოტათი უფრო სიღრმისეულად თუ დავფიქრდებით, მივხვდებით რომ არც ისე მარტივად და სასიამოვნოდ მიიღწევა წარმატება, როგორც ეს ,,ზღაპრულ“ ამბებში არის ხოლმე აღწერილი.
შპს ,,ჯენერალ ბონდ“-ის დირექტორი ვიკა ლომიძე გვიამბობს დამწყები მეწარმის იმ ფიზიკური და ემოციური მდგომარეობის შესახებ, რაც ბიზნეს სუბიექტის შექმნას და მის განვითარებას უკავშირდება.
,, - როდესაც იღებ გადაწყვეტილებას დაიწყო საკუთარი საქმე, შექმნა არაფრისგან რაიმე, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც უნდა გრძნობდე კარიერული ,,სიმწიფეა“. ეს სიმწიფე უნდა მიიღო შენი სამუშაო გამოცდილებით, წლების მანძილზე თავდაუზოგავი შრომით. იცით როგორი შრომა ჭირდება რომ განივითაროთ სხვადასხვა უნარები, სძლიოთ საკუთარ სისუსტეებს, სძლიოთ საკუთარ ემოციებს და დააგროვოთ გამოცდილების გარკვეული მარაგი? ეს არის ზღვა შრომა, რომ გგონია რომ აღარ გყოფნის ადამიანური შესაძლებლობები და მაინც აკეთებ, რომ გგონია რომ ამოწურე ენერგიის ლიმიტი და მაინც ახალი ენერგია უნდა მოიძიო საიდანღაც. დაღლილობისგან რომ ვეღარაფერს გრძნობ და ვერც იმაზე ფიქრობ გრძნობ თუ არა რაიმეს (თუმცა მეორე დღეს ჩვეულ რეჟიმში უბრუნდები სამუშაო მაგიდას) – ეს მდგომარეობები თუ არ გამოგიცდიათ, ასეთი შემთხვევები თუ უცხოა და ჯერ კიდევ ელოდებით როდის დაგიკრავთ თანამშრომელთა აღფრთოვანებული აუდიტორია ტაშს საქმის იდეალურად შესრულებისათვის - ნიშნავს რომ კარიერული ,,სიმწიფე“ ჯერ შორს არის თქვენგან. ასეთ შემთხვევაში არ ღირს აჩქარება. გაიზარდეთ პროფესიულად, ემოციურად, მოიპოვეთ გამოცდილების გარკვეული მარაგი და შემდეგ იმოქმედეთ.
- რა არის წარმატების საიდუმლო ბიზნესში?
- არა მხოლოდ ბიზნესში, ზოგადად ცხოვრებაში მგონია რომ თუ გინდა წარმატებას მიაღწიო მზად უნდა იყო უსაზღვრო შრომისთვის. თუ გაქვს მიზანი, თუ გაქვს მოტივაცია, თუ გინდა რაღაც ძალიან, აუცილებლად მოიპოვებ შრომით!
როდესაც არ იშურებ ძალისხმევას, როდესაც არ ზოგავ საკუთარ ინტელექტუალურ და ფიზიკურ რესურსებს წარმატების მისაღწევად, წარმოუდგენელია ასეთი შრომა უკვალოდ გაქრეს, წარმოუდგენელია ასეთი ღვაწლის ძალიან ტკბილი საზღაური არ მიიღოთ მომავალში.
- ,,მიზანი ამართლებს საშუალებას“?
- უღირსი საშუალებები არაფერს ამართლებს, მითუმეტეს ბიზნესში. საშუალება უნდა იყოს სიმართლეზე დამყარებული, საქმიან და მორალურ პრინციპებთან უნდა მოდიოდეს შესაბამისობაში.
- იმედგაცრუება...
- არასოდეს იფიქროთ იმ ბუნებრივ შიშებზე, რაც დამოუკიდებლად საქმის წარმართვას უკავშირდება. გაბედულად აიღეთ პასუხისმგებლობები და იფიქრეთ მხოლოდ კარგზე. თქვენ უნდა შექმნათ საკუთარი თავის და საკუთარი კომპანიის წარმატება და უნდა გჯეროდეთ, რომ სხვა არჩევანი უბრალოდ არ გაქვთ! როდესაც ასეთი რწმენით ხართ განწყობილი, როდესაც ასე მოტივაციურად ხართ დარწმუნებული, რომ აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს თქვენი წრფელი და თავდაუზოგავი შრომა, იქ აღარ გესმით სიტყვა ,,იმედგაცრუების“ მნიშვნელობა.
- ბიზნესი არის....
- კომპანია ,,ჯენერალ ბონდ“-ის ფეისბუქ გვერდზე ერთ-ერთი პოსტი განთავსდა, სადაც ვთქვი, რომ ბიზნესი მხოლოდ კომერციული მოგება არაა, ეს არის საკუთარი შრომით ფულის გამომუშავება, რომელმაც აუცილებლად უნდა მოუტანოს სიკეთე სხვა ადამიანებსაც. იგივეს გავიმეორებ:
,,ბიზნესი - ეს არის საკუთარი შრომით ფულის გამომუშავება, რომელმაც აუცილებლად უნდა მოუტანოს სიკეთე სხვა ადამიანებსაც“.
www.facebook.com/GeneralBondLLC
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.