რას მაძლევს "აკიო"?
მაინც რატომ "ვიტკიებ თავს" რომ დავაარსე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება? ხომ შემეძლო მეყიდა აქციები როგორც ფიზიკურ პირს. საბროკეროსთან ურთიერთობა გაცილებით მარტივად მექნებოდა, არც ნოტარიუსის ხარჯები იქნებოდა, არც სამეწარმეო რეესტრი დამჭირდებოდა, არ მექნებოდა ასახსნელი არავისთვის რას ვაკეთებ და რატომ, არ მექნებოდა ცალკე დეკლარაცია ჩასაბარებელი, არც ბუღალტერი დამჭირდებოდა და არც აუდიტორი.
მე არც შემიძენია და არც ვაპირებ შევიძინო აქციები, როგორც კერძო პირმა. მეტიც, მე ვაპირებ ჩემი ოჯახის წევრების, ნათესავების, მეგობრების თავისუფალი სახსრებიც მოვიზიდო "აკიო"-ში.
მაშ ასე, შპს დაარსებას აქვს შემდეგი აშკარა უპირატესობები:
შპს პასუხს აგებს მხოლოდ საწესდებო კაპიტალის ფარგლებში, ე.ი. მაქსიმალური რისკები წინასწარ განსაზღვრულია. ეს ძალზე მნიშვნელოვანი გარემოებაა, როცა საუბარია ისეთი მაღალრისკიანი აქტივების შეძენაზე, როგორიცაა კომპანიის აქციები.
- ფიზიკური პირი აშშ-ში იბეგრება უფრო მაღალი ნიხრით, ვიდრე კორპორაციები.
- პოტენციურ პარტნიორთათვის მიმზიდველია ის გარემოებაც, რომ "აკიო"-ს მართვა ჯერჯერობით უფასოა.
- მე რომ ფიზიკური პირის სტატუსი ამერჩია, ვერ მოვახერხებდი სხვა ადამიანების თანხების მოზიდვას. იურიდიულად ხომ უნდა იყოს ვიღაცა მესაკუთრე. თუ სხვა ადამიანი იქნებოდა მესაკუთრე იურიდიულად, მაშინ მას ჩემთვის მინდობილობა უნდა გაეფორმებინა მისი თანხების სამართავად. თითო-ოროლა ადამიანი კიდევ ჰო, მაგრამ ბევრი ადამიანის შემთხვევაში ეს შეუძლებელი იქნებოდა. ასეთი თარგის შემთხვევაში ვერ შეიქმნებოდა ინვესტიციების მოგება/ზარალის ისტორია. ცალ-ცაკლე ადამიანების გრაფიკებს ხომ ვერ ვატარებდი პრეზენტაციაზე, მითუმეტეს, რომ იურიდიული მფლობელი სხვა პიროვნება იქნებოდა. ეს ისეთია, მე ცალ-ცაკლე აქციების გრაფიკები რომ მქონდეს ხელზე, ნაცვლად "აკიო"-ს აქციის ერთი გრაფიკისა.
- მეტი ადამიანის ფულს საქმეში აქვს ერთი დიდი პლიუსი. ეს ნიშნავს რომ რამდენიმე ტვინია (ყოველ შემთხვევაში თეორიულად) ჩართული ამა თუ იმ საკითხის განხილვისას.
- მარტო ჩემი ფულით ძალზე ნელა ვიმოძრავებდი წინ. იმდენად ნელა, რომ საუკეთესო შესაძლებლობები (რომლებიც ყოველთვის ძალიან იშვიათია) გამოუყენებელი დარჩებოდა. შესაბამისად, გამოცდილებაც ნაკლები მექნებოდა.
- რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც წარმოქმნილი შესაძლებლობის გამოსაყენებლად გახდება საჭირო ცოტა მოზრდილი კაპიტალის მოზიდვა, ეს გაცილებით იოლი იქნება თუკი ბევრი პარტნიორი ვიქენით (10 000 ლარის მოზიდვა გაცილებით იოლია თუკი 15 პარტნიორია გაერთიანებული და ბევრად რთულია, როცა მარტო ერთი ადამიანი ცდილობს დადოს).
- როდესაც თავადაც შოულობ და სხვასაც აძლევ შესაძლებლობას იშოვოს, ეს კარგ სახელს გიქმნის ადამიანს და ბევრად იოლდება ურთიერთობები მომავალშიც.
- როდესაც კომპანიაში გაერთიანებულია რამდენიმე პარტნიორი, ეს კარგ ტონად ითვლება ბიზნესში და ასეთ სიტუაციას გაცილებით უფრო სერიოზულად უყურებენ გარეშე ინვესტორებიც და ბიზნესმენებიც, ვიდრე მარტოკა ადამიანს (რაც არ უნდა მაღალპროფესიონალი იყოს ის ამა თუ იმ სფეროში)
- მე ვიღებ გამოცდილებას არა მხოლოდ ინვესტიციების განხორციელებაში, არამედ, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, კორპორაცია-საბროკერო, კორპორაცია-საგადასახადო, კორპორაცია-კორპორაცია, მმართველი-პარტნიორები ურთიერთობებშიც.
- მე ვცდილობ საქმიანი ურთიერთობები მქონდეს ჩემს მეგობრებთან, კარგ, ყოველმხრივად მისაბაძ და ღირსეულ ადამიანებთან, რაც გახდება საბაბი უფრო ხშირად ვნახო ისინი (ვიდრე სხვა შემთხვევაში მომეცემოდა ამის შესაძლებლობა).
- და საერთოდ, მე მჯერა, რომ ვაკეთებ კარგ და სასარგებლო საქმეს ჩემი ახლობლებისთვის. ეს აზრი მმატებს საკუთარი თავის პატივისცემის გრძნობას, რითაც იწყება კარგი შედეგები საქმეში.
წერილი მინდა დავასრულო უორენ ბაფეტის სიტყვებით: “კეთილი ზრახვები პერიოდულად უნდა გადამოწმდეს შედეგებზე”.
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.