ჯერ კიდევ სოკრატემ თქვა: „უნდა იყო და არა მოაჩვენო თავი რომ ხარ" (Esse quam videri).
რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, უნდა იყო მდიდარი, და არა მოაჩვენო თავი რომ მდიდარი ხარ, უნდა იყო გულუხვი, და არა მოაჩვენო თავი, რომ გულუხვი ხარ, უნდა იყო ჯანმრთელი და არა მოაჩვენო თავი, უნდა იყო ჭკვიანი და არა მოაჩვენო თავი რომ ჭკვიანი ხარ და ბოლოს და ბოლოს უნდა იყო ბედნიერი, და არა მოაჩვენო თავი რომ ბედნიერი ხარ.
თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: „რა შავდება იმით, თუკი მოვაჩვენებ თავს?" მე კი გიპასუხებთ: „შავდება ის, რომ თუკი შენ გაწყობს, რომ მოაჩვენო თავი, შენ არ აპირებ იყო". რა გირჩევნიათ, იყოთ ჯანმრთელი თუ თავი მოგქონდეთ ისე, თითქოს არაფერი გაწუხებთ? რა გირჩევნიათ, გქონდეთ მობილური, რომელიც ღირს თქვენი ორი თვის ხელფასი თუ იგივე მობილური შეიძინოთ ისე თავისუფლად, რომ ვერც კი იგრძნოთ რამდენი ფული „მოაკლდა თქვენს ჯიბეს?"
ხშირად ადამიანები იძენენ ისეთ ნივთებს, რომლის ყიდვის საშუალება არა აქვთ, მაგრამ მათ სურთ, რომ გამოიყურებოდნენ არანაკლებ, ვიდრე მათი კოლეგები. როგორც თქვა ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა: „ჩვენ ვიძენთ ნივთებს, რომლებიც არ მოგვწონს იმ ფულით, რომელიც არა გვაქვს მხოლოდ იმიტომ, რომ თავი მოვაწონოთ იმ ადამიანებს რომელთა საზოგადოებაც არ გვსიამოვნებს".
როცა არა ხარ, არამედ თავს აჩვენებ, ასეთი სტატუსის შენარჩუნებას დიდხანს ვერ შეძლებ. მაგრამ რა ვქნათ, როდესაც გვინდა მოვხდეთ „ადამიანთა წრეში", როცა გვსურს ვიყოთ „მიღებული" გარკვეულ „სასტავში?". ჩემი დევიზია: „თუ ვერ ვახერხებ მოვხვდე გარკვეულ ადამიანთა წრეში, ვქმნი საკუთარ წრეს".
რა ხდება როცა შენ ხარ, და არა აჩვენებ თავს რომ ხარ? ამ შემთხვევაში სხვა ადამიანი ცდილობს მოგაჩვენოს თავი, თითქოს შენსავით შეძლებულია, ან შენსავით განათლებულია, ან შენსავით ძლიერია ან შენსავით მჭერმეტყველია ან შენსავით.... მაშინ კი მიხვდები, რატომ არ გიღებდნენ ადრე სხვა ადამიანები, რომლებიც „იყვნენ", თავის წრეში. მაშინ მიხვდები, რომ ადამიანები, რომლებიც თავს გაჩვენებენ რომ არიან, სინამდვილეში სრულებთაც არ არიან, უბრალოდ არ გაინტერესებს და არ გხიბლავს მათ გვერდით ყოფნა.
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.