როგორია კონფლიქტურ სიტუაციებში ადამიანების ტიპიური ქცევა? სტატისტიკურად, კონფლიქტური სიტუაციების 77% შემთხვევებში ადამიანებს აღელვებთ მხოლოდ საკუთარი„გამარჯვება". შესაბამისად, ასეთი „ბრძოლის" შემდეგ არის გამარჯვებული და არის დამარცხებული.
ასეთ მიდგომიდან გამომდინარეობს ადამიანთა ისეთი ქცევები, როგორებიცაა: საკუთარი ინტერესების სხვაზე თავს მოხვევა, მეორე მხარის ინტერესების იგნორირება, უხეში ზეწოლის განხორციელება, არაეთიკური მეთოდების გამოყენება. ასეთ გარემოში რთულია თავაზიანი მოპყრობა და სხვისი ინტერესების გათვალისწინებაზე, ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. ასეთ ვითარებაში სრულებით გამორიცხულია ისეთი გამოსავლის პოვნა, რომელიც ორივე მხარეს „გამარჯვებულად" აგრძნობინებდა თავს.
მხოლოდ თანასწორობისა და თანამშრომლობაზე ორიენტაციის გარემოშია შესაძლებელი კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა.
„არამოწიფული" ადამიანი კონფლიქტის დროს ეხვევა საკუთარი ემოციების ქარბუქში. ასეთ მდგომარეობაში გონება დახშულია. რას იწვევს ეს? ეს იწვევს იმას, რომ ადამიანი საღად ვერ აზროვნებს, მის გონებას ბინდავს ოპონენტის სიძულვილი. ასეთ დროს ადამიანი, ჟარგონი რომ ვიხმაროთ, „ჭედავს" და ნაცვლად იმისა, რომ ეძებოს სიტუაციიდან გამოსავალი, ებმება სრულებით უპერსპექტივო საქმეში - იწყებს ადამიანთან ურთიერთბების გარკვევას. როდესაც არ ხდება კონფლიქტის აღმოფხვრა ამას თან სდევს ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება ხანგრძლივი დროით.
„ბრძენ" ადამიანს პირიქით, ემოციები მოთოკილი აქვს და ის ხელმძღვანელობს გონებით. ის არ ეშვება ემოციების ქარბუქში, არამედ ხელმძღვანელობს ცივი გონებით, დიპლომატიური მეთოდებით. ასეთი მიდგომით გონიერი ადამიანი წყვეტს ორ საკითხს ერთდროულად: პირველი - აგვარებს კონფლიქტს მშვიდობიანად და მეორე - ინარჩუნებს ურთიერთობებს ოპონენტთან. მთავარია ნაპოვნი იქნას გამოსავალი. მნიშვნელოვანია ამავდროულად შენარჩუნდეს კარგი ურთიერთობები. კონფლიქტის გამოსავალი კიდევაც რომ ვერ იქნას ნაპოვნი, უთანხმოება შეიძლება მომავალში მოგვარდეს.
ძველი აღმოსავლური ანდაზა გვეუბნება: „მამაცი მხნედ უმკლავდება წინააღმდეგობებს, ბრძენი კი არ ეხვევა მათში".
ერთ ეპიზოდს მოგიყვანთ ჩემი ცხოვრებიდან. შორეულ 90-იანებში დავიწყე მუშაობა ბაზრობაზე. სასლემების სავაჭრო წერტილი ავიღე. გვერდით სამი ახალგაზრდა ვაჭრობდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში და სრულებთაც არ უხაროდათ ახალი კონკურენტი გვერდით. თურმე ყველას ვინც მათ გვერდით დააპირებდა ვაჭრობას, ყოველდღე პარავდნენ ძვირადღირებულ სასმელებს და რამდენიმე ასეთი „სეანსის" შემდეგ ახლადმოსული ტოვებდა ადგილს. მეც „მომნათლეს" და მეორე დღეს მომპარეს 2 ბოთლი ლიქიორი (მათი ღირებულება აჭარბებდა მთელი დღის მოგებას). მე არაფერი ვთქვი, ვითომ არაფერი მომხდარა. მეორე დღესაც, ვხედავ სუფრა გაუშლიათ და სვამენ. მივედი და თან ერთი ბოთლი არაყიც წავიყოლე. ვეკითხები: რას აღნიშნავთ? თურმე ერთ-ერთის დაბადების დღე ყოფილა. მეც დავდგი არაყი და ვეუბნები: „ეს ჩემგან იყოს". ცოტა უხერხულად იგრძნეს თავი მაგრამ არ შეიტყვეს. ვდგავართ, ვსვამთ და მესამე ჭიქის შემდეგ ვეუბნები: „ხომ არ შეგინიშნავთ ვინმე საეჭვო ადამიანი გუშინ აქ?" უარყოფით პასუხის შემდეგ გავაგრძელე: „გუშინ 2 ბოთლი ლიქიორი ვიღაცას მოუპარავს. დღეს მე მომპარეს, ხვალ შეიძლება თქვენ მოგპარონ. თუ მეზობლები ვართ, უფრო ყურადღებით ვიყოთ და მე თუ ვინმე შევნიშნე ქურდი, გაგაგებინებთ, თქვენ თუ ნახეთ - მე გამაგებინეთ". ეს იყო და ეს. მას შემდეგ მე არაფერი დამკარგვია და მშვენიერი ურთიერთბებიც ჩამომიყალიბდა მათთან.
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.