არის ერთი ასეთი თქმულება. ერთი ადამიანი მიდიოდა უდაბნოში. გზად დაინახა ერთი ხე და დაჯდა მის ჩეროში. ეს ხე იყო სურვილების ასრულების ხე. ზის ეს მშიერ-მწყურვალი მგზავრი და ფიქრობს: „უჰჰ, როგორ მშია, ერთი გემრიელი საჭმელი რომ მომცა...“ უეცრად გაჩნდა სუფრა სავსე სხვადასხვა საჭმელებით. გაოცდა მგზავრი, მაგრამ მიუჯდა და კარგად დანაყრდა. როდესაც გაიქარწყლა შიმშილი, გადაწვა და გაიფიქრა: „ეეეჰჰჰ, რა იქნებოდა ერთი რაიმე დასალევი რომ მქონოდა?“ უეცრად გაჩნდა საუკეთესო ღვინო. ბოთლს ჯერ კიდევ სდიოდა გრილი ცვარი. გაოგნებული მგზავრი დაეწაფა ღვინოს და დაიოკა წყურვილი. დაჯდა და დაიწყო ფიქრი: „რაღაცა აქ არ უნდა იყოს მთლად ისე კარგად, როგორც მეჩვენება. ალბათ მოვლენ ეშმაკები და მომკლავენ“. მოვიდნენ ეშმაკები და მოკლეს.
მგზავრმა არ იცოდა, რომ იჯდა სურვილების ხის ქვეშ. ჩვენ არ ვიცით, რომ ჩვენ, ფაქტიურად, მთელი ცხოვრება ვზივართ „სურვილების ხის ქვეშ“. ჩვენ ვიბრძვით, ვიბრძვით, ვიბრძვით და მერე ერთხელაც (ღმერთმა გვაშოროს ასეთი დღე) გავიფიქრებთ: „მე დავიღალე, მეტი არ შემიძლია, მე ალბათ შევეწირები ამ ამბავს“ და ასეთი ადამიანი მართლაც ეწირება სიძნელეებს. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მან ვერ შეძლო. ეს მოხდა იმიტომ, რომ უფალმა უპასუხა: „კეთილი, შენ თუ დანებდი, მაშინ ჩემი გვერდში დგომის იმედი არ გქონდეს, კარგად იყავი“. და ჩვენ ვიცით, რა ხდება ასეთ დროს.
უფალი ეხმარება მხოლოდ ისეთ ადამიანებს, ვინც იცის რომ მარცხდება, ვინც იცის, რომ შეიძლება ძალები არ ეყოს, ვინც იცის, რომ ჩაერთო უთანასწორო ბრძოლაში, მაგრამ მაინც არ ნებდება. ვინც ბოლო ამოსუნთქვამდე მზად არის არ დანებდეს. ასეთ ადამიანებს, უფლის მხარდაჭერის შედეგად, ეხსნებათ „მეორე სუნთქვა“, გარემოებები ვითარდება „უცნაურად“ და ისინი იმარჯვებენ. და ისინი არ იყვნენ უფრო ძლიერები, ვიდრე „დამარცხებულები“. ეს ადამიანები უბრალოდ იბრძოდნენ ბოლომდე და უფლის დახმარება რეალიზდა ასეთ ფონზე.
ნუ გექნებათ ნურავის იმედი, რომ ვიღაცა მოვა და გააკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოთ თქვენ. ვიღაცა მოვა მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ იქნებით შეუპოვარი. თქვენ უნდა იყოთ მედგრად და ასეთ ვითარებაში მთელი სამყარო ამოგიდგებათ მხარში. და ვინ არის მთელი სამყარო? მთელი სამყარო არის უფალი.
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.